წიგნის კითხვა
ყველამ კარგად ვიცით, რომ წიგნის კითხვა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მნიშვნელოვანია მისი
განათლებისთვის. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც, რაც წიგნის კითხვას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
შვილისა და მშობლის სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის, კითხვის პროცესი კი
ყველაზე ძლიერი გზაა ამ სიახლოვის მისაღწევად. დიახ, წიგნების კითხვით თქვენ ადვილად შეძლებთ თქვენს ბავშვთან დაახლოებას.
ალბათ ძნელია ისეთი მოსიყვარულე მშობლის პოვნა, რომელსაც არ უნდა
შვილთან ჩახუტება და მასთან მეგობრობა. დღეს,
როცა ცხოვრება უფრო გართულდა, ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ იმის გაგება, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს და მზად
ვართ გამოვყოთ ჩვენი გადატვირთული ცხოვრებიდან ძვირფასი დრო და სრულად დავუთმოთ მათ. როდესაც ასეთ ყურადღებას ვუთმობთ შვილებს, ისინი იგივეს აუცილებლად დაგვიბრუნებენ. საბავშვო წიგნების ერთად წაკითხვა მარტივი გზაა თქვენს შვილთან კომუნიკაციის დასამყარებლად, რაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნო პროცესია.
ბავშვებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი და არა
ურთიერთობის ხანგრძლივობა – ანუ გაქვთ თუ არა
ბავშვისკენ მიმართული მთელი გულისყური მასთან ურთიერთობის დროს. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ის რასაც ვაკეთებთ, ვიდრე ის
რასაც ვამბობთ. დედა, რომელიც შვილებთან ერთად რჩება სახლში, მაგრამ საათობით ლაპარაკობს ტელეფონზე, დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან ან ალაგებს სახლს, შესაძლებელია ბავშვებთან იყოს
ფიზიკურად, მაგრამ ასეთი დედა ვერ აძლევს ბავშვებს იმ სითბოსა და
მზრუნველობას, რაც ბავშვებს სჭირდებათ. იგივე ეხება მამას, რომელიც შვილს ეუბნება “მიყვარხარ“, მაგრამ ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ გამოყოს დრო და ძილის წინ შვილს წაუკითხოს ზღაპარი. შესაძლებელია იგი სიტყვებით ამბობდეს „მე შენ
მიყვარხარ“, მაგრამ მისი მოქმედება რეალურად გულისხმობს „ შენ არ ხარ
საკმარისად მნიშვნელოვანი ჩემთვის“.
ჩვენ, მშობლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქმედებები ყოველთვის უნდა შევაფასოთ ბავშვის თვალით.
კითხვის პროცესი გვაძლევს საშუალებას გავხდეთ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი და
გვქონდეს ბავშვთან ახლო ურთიერთობა. მშობლისა და შვილის ახლო
ურთიერთობა კი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პროცესში. ბავშვი, რომელიც დარწმუნებულია მშობლების სიყვარულში გაიზრდება თავდაჯერებული პიროვნება და გახდება საზოგადოების წარმატებული, დამოუკიდებელი და პროდუქტიული წევრი, ხოლო
მშობლებისთვის, ბედნიერებასთან ერთად, ასეთი შედეგი ალბათ ყველაზე სასურველია.
No comments:
Post a Comment